მილანის „ინტერის“ ფორვარდმა ალექსის სანჩესმა ჩილეს მოქალაქეებსა და ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხერხი მოძებნონ. ჩილეში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც მეტროს მგზავრობის გაძვირებამ გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებისას 11 ადამიანია დაღუპული.
„მე ვეთანხმები მოთხოვნას ჩილეში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, ღირსების დაკარგვის გარეშე, რომელიც ყველამ უნდა შევინარჩუნოთ. ასეთი საქციელით კი მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებთ.
ყველაზე მეტად ამისგან ბავშვები ზარალდებიან, რომლებსაც არ ესმით რა ხდება ჩვენს, ანუ უფროსების გამო.
უფრო გამთლიანებულნი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყანა. მოვუწოდებ შეთანხმებისკენ და სწორი გადაწყვეტილებებისკენ. ყველაფერი უკეთესი ჩილესთვის და ბავშვებისთვის, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ისინი ჩილეს აწმყო და მომავალი არიან“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ სანჩესმა.