ალექსის სანჩესის აზრით, ჟოზე მოურინიოს დროს მანჩესტერ იუნაიტედში ჯანსაღი ატმოსფერო არ იყო და ეს პირადად პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ არჩეული მეთოდების ბრალია.
სანჩესი, რომელიც ლონდონის არსანელიდან მანჩესტერში სწორედ მოურინიოს ინიციატივით გადავიდა, ჩელსის წინააღმდეგ ორშაბათს გასამართ ასოციაციის თასის მატჩში მოედანზე ვერ იქნება, რისი მიზეზიც პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიღებული მცირე დაზიანება გახდა.
„მოურინიოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუ მის სამწვრთნელო პროცესს, ვიდეოების შესწავლასა და სხვა მსგავს ასპექტებს მივიღებთ მხედველობაში. მიუხედავად ამისა, გუნდში ისეთი ატმოსფერო იყო შექმნილი, რომ ფეხბურთელი საკუთარ თავში რწმენას კარგავდა. ამას არაჯანსაღი ატმოსფერო ჰქვია“, – ამბობს სანჩესი, რომელიც მოურინიოს გუნდიდად გაშვებამდე რამდენიმე ხნით ადრე ძირითადი შემადგენლობიდან იყო ამოვარდნილი.
ამჟამად ჩილელი თავდამსხმელი ჯერ კიდევ შორს არის თავისი ჩვეული ფორმისგან და იმ სტანდარტისგან, რომელსაც არსენალში ათამაშისას აჩვენებდა. ფეხბურთელი აღიარებს, რომ ამის მიზეზებს მხოლოდ საკუთარ თავში ეძებს.
„ძალიან მინდა, რომ გუნდს უფრო დიდი სიხარული მოვუტანო. მე მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და მინდა, რომ მოედანზე ყველაფერი ვაჩვენო“, – ამბობს სანჩესი.