ალექსი ვაჩაძე - ეს არ არის მიწისქვეშეთში გაკეთებული ჯადო ვაქცინები, რომელსაც ქარის მიმართულების მიხედვით ვენდობით, ქვეყანაში გვაქვს მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინები, რომლებიც სიცოცხლეს იცავს
ალექსი ვაჩაძე - ეს არ არის მიწისქვეშეთში გაკეთებული ჯადო ვაქცინები, რომელსაც ქარის მიმართულების მიხედვით ვენდობით, ქვეყანაში გვაქვს მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინები, რომლებიც სიცოცხლეს იცავს

აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში სიკვდილთან მიმართებაში რა თამაშს ვთამაშობთ, – განაცხადა ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა ალექსი ვაჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„არის მომაკვდინებელი ვირუსი. მას შეუძლია, მოკლას ადამიანი და ხომ ვიცით, უკვე რამდენი ათასი ოჯახი გამწარდა მხოლოდ ჩვენს, ქართულ რეალობაში?! იმ ფონზე, როდესაც გვაქვს ვაქცინა რომელიც ადამიანს რამდენიმე ჯეროვანი ერთეულით აცილებს სიკვდილს და დაავადების მძიმე განვითარებას, ვაქცინაციის ეს დუნე პროცესი და ეს რაღაც ავერსია ვაქცინაციის პროცესიდან, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში რა თამაშს ვთამაშობთ სიკვდილთან მიმართებაში“, – განაცხადა ვაჩაძემ.

მისი თქმით, ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ თუ ვაქცინას გაიკეთებენ, იმის ალბათობა, რომ დაავადდებიან, დაბალი იქნება, ხოლო თუ დაავადდებიან, მათი ოჯახის წევრები არ იწვნევენ ტრაგედიას, რაც საქართველოში სამწუხაროდ, უკვე ათასობით ვნახეთ.

„ამაში არაფერია არც არარელიგიური, არც ანტისოციალური. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ თუ ვაქცინას გაიკეთებენ, ალბათობა, რომ დაავადდებიან, დაბალი იქნება, ხოლო თუ დაავადდებიან, მათი ოჯახის წევრები არ იწვნევენ ტრაგედიას, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, უკვე ათასობით ვნახეთ“, – განაცხადა ვაჩაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ზომა უნდა გაატაროს სახელმწიფომ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანების დარწმუნება ვერ ხდება, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა, რომ ვაქცინები, რომლებიც ქვეყანას აქვს, უმაღლესი სამეცნიერო სტანდარტის ლაბორატორიებშია შექმნილი და როცა ვაქცინას მაღალი ტექნოლოგიების, თანამედროვე მედიცინისა და მეცნიერების ნაერთი კომპანია ქმნის, საჭიროა ამის მეტი პოპულარიზაცია.

„მგონია, რომ საჭიროა ამის მეტი პოპულარიზაცია და თქმა, რომ ეს არ არის სადღაც მიწისქვეშეთში გაკეთებული ჯადო ვაქცინები, რომელსაც უბრალოდ, ქარის მიმართულების მიხედვით ვენდობით. ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინები და მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ისინი ადამიანის სიცოცხლეს იცავს“, – განაცხადა ვაჩაძემ.

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა ასევე განაცხადა, რომ ანტივაქსერთა კამპანია, რომელიც არანაირ სამეცნიერო მტკიცებას არ ეფუძნება, უფრო უშანსოდ უნდა რჩებოდეს, ვიდრე დღეს რჩება.

„დღეს საუბარი იყო ბატონებთან – ამირან გამყრელიძესთან და პაატა იმნაძესთან, და ერთ-ერთმა თქვა, არ მინდა საუბარი და კამათი მათთან, ვისაც უნდა უმტკიცო, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, მრგვალიაო. დღეს რაღაც ამგვარი კამათი გვიწევს, მაგრამ არა, უნდა გვინდოდეს; ამ კამათში უნდა ჩავერთოთ, სხვა გზა არ არის, რადგან ადამიანები თავს იხოცავენ“, – განაცხადა ვაჩაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა შედგეს თუ არა ამ თემაზე სატელევიზიო დებატი, ვაჩაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე სატელევიზიო დებატი უნდა შედგეს და ადამიანებმა უნდა ნახონ, ვის რა არგუმენტი აქვს.

„ყველაფერზეა ამ ქვეყანაში დებატი და იყოს ამ თემაზეც. მეცნიერებას აქვს თავისი არგუმენტი და ანტივაქსერებს არ ვიცი, საერთოდ, რა არგუმენტი აქვთ, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში კოლექტიური გალილეო გალილეის მსხვერპლშეწირვაზე ვილაპარაკოთ, რომ აი, ის მაინც ბრუნავს. არის მეცნიერება და არ ვიცი, ამ ადამიანებს რა ინფორმაცია მოაქვთ“, – განაცხადა ალექს ვაჩაძემ.