რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმამ, ოლეგ ნავალნიმ საპატიმრო დატოვა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმამ, ოლეგ ნავალნიმ საპატიმრო დატოვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის უმცროსმა ძმამ, ოლეგ ნავალნიმ საპატიმრო დატოვა. ის პატიმრობაში სამი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ორლოვის ოლქში მდებარე მეხუთე კოლონიასთან ოლეგ ნავალნის ძმა და ჟურნალისტები დახვდნენ.

ნავალნის განმარტებით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ერთ დღით ადრე დატოვა, რადგან 30 ივნისი შაბათია.

„30 ივნისი შაბათს ემთხვევა, ჰუმანიზმის პრინციპები კი ავალდებულებს პატიმრების გათავისუფლებას კვირის ბოლო სამუშაო დღეს“, -აღნიშნა ოლეგ ნავალნიმ.

მოსკოვის სასამართლომ 2014 წელს ძმები ნავალნები კომპანია „ივ როშეს“ სახსრების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პირობითი სასჯელი და 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯეს, მის ძმას კი 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ივ როშეს“ საქმე

კოსმეტიკური კომპანია „ივ როშეს“ რუსეთის ფილიალის გენერალურმა დირექტორმა, ბრუნო ლეპრუმ 2012 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა და ალექსეი და ოლეგ ნავალნები თაღლითობაში დაადანაშაულა. კომპანიის რუსული ფილიალი ძმების ფირმასთან თანამშრომლობდა, რომელიც პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, სასამართლო პროცესზე „ივ როშეს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ძმების საქმიანობის შედეგად არ დაზარალებულა, თავად ლეპრუმ კი სასამართლოში დაზარალებულის სტატუსით გამოსვლაზე უარი თქვა და რუსეთი დატოვა. ალექსეი ნავალნის მტკიცებით, მისი და მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკური დევნა იყო. ძმებმა დანაშაული არ აღიარეს.

2017 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში ძმები ნავალნების წინააღმდეგ აღძრული საქმე დარღვევებით განიხილებოდა. თუმცა სასამართლომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას ძმებისთვის კომპენსაციის სახით 10-10 ათასი ევროს გადახდა და 73 ათასი ევროს ოდენობის სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა.