ალექსი დანილოვი აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ დანილოვმა The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.
დანილოვის თქმით, ხუთივე მცდელობა თებერვლის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში განხორციელდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
როგორც მედია წერს, ომის დასაწყისში მან საჯაროდ ისაუბრა ჩეჩენ მებრძოლთა რაზმზე, რომლებსაც დაევალათ ზელენსკის მოკვლა, თუმცა, მისივე თქმით, ისინი სრულად გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ცნობით, მარტის ბოლოს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინის ზელენსკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მკვლელობას გეგმავდნენ, თუმცა მათი მცდელობა აღიკვეთა. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის მარკიან ლუბკივსკის თქმით, ყველა მტკიცებულება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიეწოდა.