ალექსი ბატიაშვილი - 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები
ალექსი ბატიაშვილი - 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით 2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.

როგორც ბატიაშვილმა 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა, 2021 წლის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს.

მისი თქმით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლინდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალების და პრევენციის მიზნით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

გაერთიანებულ კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას ალექსი ბატიაშვილმა „ჰიბრიდულ საფრთხებზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო.

„საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროების გამოვლენა, სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირისა და გამოყენებული მეთოდების დადგენა, მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. საქართველოს ტერიტორიაზე სამსახური ოპერატიულ რეჟიმში აკონტროლებდა იმ სუბიექტებს, რომლებიც მსგავს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ აქტივობებს უწყობდნენ ხელს. ამასთანავე, 2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ წინა წლებში დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიები“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.