ალექსეი ულუკაევის სასამართლო განაჩენი 15 დეკემბერს გამოცხადდება
ალექსეი ულუკაევის სასამართლო განაჩენი 15 დეკემბერს გამოცხადდება

რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის ალექსეი ულუკაევის სასამართლო განაჩენი 15 დეკემბერს გამოცხადდება.

ამის შესახებ მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

ულუკაევს ნავთობკომპანია „როსნფეტის“ ხელმძღვანელისგან იგორ სეჩინისგან ქრთამის სახით ორი მილიონი დოლარის აღებაში ედება ბრალი.

პროკურატურა ყოფილი მინისტრისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვს.

სასამართლო სხდომაზე ულუკაევმა განაცხადა, რომ ქრთამის აღებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, საშინელი და სასტიკი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ულუკაევი სასამართლოს მოუწოდებდა,  გაემახვილებინა ყურადღება, რომ ბრალდების მხარის მთავარი მოწმე იგორ სეჩინი სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა.

ყოფილი მინისტრი სეჩინს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მის გასამართლებას ითხოვს.

ალექსეი ულუკაევი 2016 წლის 15 ნოემბრის ღამით დააკავეს. იმავე დღეს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოძიების ვერსიით, ულუკაევმა სეჩინისგან ქრთამი მოითხოვა, სანაცვლოდ კი „როსნეფტის“ მიერ კომპანია „ბაშნეფტის“ შეძენასთან დაკავშირებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობას დაპირდა.