ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ ამერიკული მოწინავე იარაღის გამოყენებაზე გამოცდა ჩააბარა და უფრო მეტის მიწოდებას ითხოვს
ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ ამერიკული მოწინავე იარაღის გამოყენებაზე გამოცდა ჩააბარა და უფრო მეტის მიწოდებას ითხოვს

ამერიკულმა საარტილერიო სარაკეტო სისტემებმა „ჰიმარსმა“ თამაშის წესები შეცვალა, რამაც უკრაინას საშუალებას მისცა, თავს დასხმოდა რუსეთის ძალებს იზიუმში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა „ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინამ ამერიკული მოწინავე იარაღის გამოყენებაზე გამოცდა ჩააბარა და უფრო მეტ და სასწრაფო მიწოდებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აშშ-მა უკრაინას მხოლოდ ოთხი „ჰიმარსის“ სისტემა მიაწოდა.

რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება სჭირდება.

„ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა, მტკიცებულებები გვეჩვენებინა. „იზიუმის“ შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად დავარტყით რუსეთის საჰაერო ოპერაციების სამეთაურო ცენტრს. ნამდვილად ზუსტი იყო. ეს დაინახეს ჩვენმა პარტნიორებმა და თქვეს: „თქვენ ჩააბარეთ გამოცდა“. რუსები იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომელსაც შეუძლია 120 კილომეტრის დარტყმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება რაღაც უფრო შორს მოქმედი – 150 კილომეტრზე მოქმედი“, – თქვა რეზნიკოვმა.