ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს
ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება.

30-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა რუსმა ოპოზიციონერმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ. ამასთან ერთად, ოპოზიციონერმა აქციების დროს დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ ამ რეჟიმის დეგრადაციის ფინალურ საფეხურს ვხედავთ, რომელსაც წარსულში ტყუილი და ფალსიფიკაცია ამაგრებდა. ჩანს, რომ მათთვის საკმარისი არ არის ის რომ კანდიდატები არჩევნებზე დაუშვან. მათ სჭირდებათ დააკავონ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა გათავისუფლების შემდეგ.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის 30 დღით დაკავების გადაწყვეტილება სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მიზეზი რუსი ოპოზიციონერის მიერ 27 ივნისს დაგეგმილ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მოწოდება იყო.

სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. გასულ შაბათს ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, 10 აგვისტოს მოსკოვში გამართულ აქციას 60 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ამავე დღეს დემონსტრაციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, დონის როსტოვსა და ბრიანსკში. სამართალდამცველებმა 10 აგვისტოს დემონსტრაციებზე საერთო ჯამში 270-მდე ადამიანი დააკავეს.