ალექსეი ნავალნი - არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე მომავლისთვის
ალექსეი ნავალნი - არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე მომავლისთვის

არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართვაში.

ნავალნიმ აღნიშნული ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„რისი ეშინიათ ამ მილზე შემომჯდარ გომბეშოს და ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად? მათ ეშინიათ თქვენი ქუჩაში გამოსვლის. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ესაა პოლიტიკის არსი. ამიტომ, არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში. გამოდით ქუჩაში არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლის გამო“, – აღნიშნავს ნავალნი.

ალექსეი ნავალნის 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს.

ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში 17 იანვარს პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

ნავალნი ქვეყანაში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.