ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან ვლადიმერ პუტინი დგას
ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან ვლადიმერ პუტინი დგას

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ განცხადება ნავალნიმ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა. ეს მისი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს.

„ვამტკიცებ, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას, მე სხვა ვერსია არ მაქვს“, – განაცხადა ნავალნიმ.

ამასთან, რუსმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ის შეშინებული არ არის და რუსეთში დაბრუნებას აპირებს.

ინტერვიუს სრული ვერსია „შპიგელში“ პარასკევს გამოქვეყნდება.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თავდაპირველად პოლიტიკოსი ომსკში იყო ჰოსპიტალიზებული. 22 აგვისტოს კი, ის ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავალნი ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამით მოწამლეს. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ლაბორატორიები შვედეთსა და საფრანგეთშიც. მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს.