ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით ახალი საქმე აღძრეს
ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით ახალი საქმე აღძრეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით ახალი საქმე აღიძრა, – ამის შესახებ თავად ნავალნიმ ექსტრემიზმის საქმეზე ბასმანის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სასამართლო სხდომას ის დისტანციურად ესწრებოდა. ნავალნის ცნობით, ტერორიზმის საქმეზე მას სამხედრო სასამართლო გაასამართლებს.

„მათ აბსურდული ბრალდებები წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება. გამომძიებელმა ვიდიუკოვმა გუშინ თქვა, რომ ამ საქმისგან ცალკე გამოყვეს ტერორისტული საქმე, თითქოს ციხეში მჯდომი ვახორციელებ ტერაქტებს. ამ საქმეზე ცალკე გამასამართლებს სამხედრო სასამართლო. ამ საქმეზე 30 წელი მემუქრება, როგორც ჩანს, შემდეგში-  სამუდამო პატიმრობა“, – განაცხადა ნავალნიმ.

საგამოძიებო კომიტეტს ახალი საქმის აღძვრის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად რაში ედება ბრალი ნავალნის.

რაც შეეხება ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეს, ბასმანის სასამართლომ ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნის საქმეზე მასალების გასაცნობად ალექსეი ნავალნის 5 მაისამდე მისცა დრო. მასალები 196 ტომს შეადგენს.