ალექსეი დანილოვი - უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეს განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ
ალექსეი დანილოვი - უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეს განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნის განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. ამის შესახებ მან უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„იმ იარაღის წარმომავლობა, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინულია. არსებობს ორი მიმართულება, რომელზე მუშაობაც უკვე გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის სარაკეტო პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დამტკიცდა და ითვალისწინებს უკრაინული რაკეტების შექმნას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, რომელიც ახლა მძლავრად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ამაში ჩართულია ბევრი კერძო კომპანია“, – განაცხადა დანილოვმა.

ამასთან, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სამიზნედ მხოლოდ რუსულ სამხედრო ობიექტებს ირჩევს.

„ჩვენ ვესხმით თავს ქარხნებს ან სამხედრო მრეწველობის ობიექტებს, ეს კომპონენტები ჩვენს ბავშვებს ხოცავენ. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე მტკიცებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ობიექტების აფეთქების უკან რუსი პარტიზანები დგანან, რომელთაც უკრაინა ვერ აკონტროლებს.