ალექსეი დანილოვი - შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის
ალექსეი დანილოვი - შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის

შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს „კონფლიქტის ზონის“ გაფართოებას და ვა-ბანკზე მიდის, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„შავ ზღვაში რუსეთის მიერ პროვოცირებული ინციდენტი ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავ „ემქიუ-9 რიპერთან“ დაკავშირებით – ეს არის პუტინის სიგნალი სხვა მხარეების ჩართულობით კონფლიქტის ზონის გაფართოების მზადყოფნის შესახებ“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ამასთან, როგორც პენტაგონში განაცხადეს, რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმაც, რომლის შეფასებითაც, შავ ზღვაში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი პროვოკაციაა, რაც რუსეთის დადანაშაულებას ისახავდა მიზნად.