ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინას სავარაუდოდ მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება
ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინას სავარაუდოდ მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ სავარაუდოდ უკრაინას მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება.

დანილოვის თქმით, უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ბოლო ოთხ სხდომაზე განიხილებოდა გარკვეული რაოდენობის ადამიანის მობილიზიების საკითხი. როგორც დანილოვმა აღნიშნა, ყოველ ჯერზე პრეზიდენტი ზელენსკი ხაზს უსვამდა ამ საკითხში სამართლიანობის აუცილებლობას.

„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს სამართლიანობაზე, რათა ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ერთნი იცავენ ქვეყანას, ხოლო სხვები პლანეტის სხვა წერტილებში იმყოფებიან, ისვენებენ კურორტებზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტი 100 პროცენტით ითხოვს სამართლიანობას“, – განაცხადა დანილოვმა.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი მობილიზაციის შესახებ თავიანთ ხედვას წარმოადგენენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 500 ათასი მოქალაქის მობილიზაციის შესახებ, უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ეს მარტივი დისკუსია არ არის. ციფრები, რომლებსაც დღეს ასახელებენ, ნამდვილად საჭიროა, ჩვენი სამხედროების აზრით. საუბარი არ არის დღევანდელ თუ ხვალინდელ სიტუაციაზე, არამედ იმაზე, რომ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დიდი ალბათობით, შეიძლება ველოდოთ, რომ დაგვჭირდება ჩვენი ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება“, – განაცხადა დანილოვმა.

ამასთან, დანილოვმა აღნიშნა, რომ მობილიზებულებს უნდა ჰქონდეთ გავლილი მომზადება, ასევე უნდა ესმოდეთ, რა ვადებით მიდიან, როდის ექნებათ შვებულება და როტაცია.