ალექსეი არესტოვიჩი - მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლები, სადაც უკრაინული მხარე იმარჯვებს, გმირულად იბრძვის მარიუპოლი, ჩერნიგოვი
ალექსეი არესტოვიჩი - მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლები, სადაც უკრაინული მხარე იმარჯვებს, გმირულად იბრძვის მარიუპოლი, ჩერნიგოვი

მოწინააღმდეგის პოზიციები ბოლო 24 საათის განმავლობაში არ შეცვლილა. მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლები, სადაც უკრაინული მხარე იმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგე კვლავ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, თუმცა წინა დღეებთან შედარებით, ინტენსივობა გაცილებით დაბალია.

„30-ე დღეა უკრაინა-რუსეთის ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან. მოწინააღმდეგის პოზიციები ბოლო 24 საათის განმავლობაში არ შეცვლილა. მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლები, სადაც უკრაინული მხარე იმარჯვებს. გმირულად იბრძვის მარიუპოლი, ჩერნიგოვი. გმირულად იცავს თავს ასევე სლავუტიჩი. მოწინააღმდეგე კვლავ ბომბავს ჩვენს ქალაქებს, თუმცა ინტენსივობა გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა დღეებში. რუსული არმია იყენებს მათ შორის დრონებს, თუმცა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რამდენიმე ასეთი დრონი ჩამოაგდო, მათ შორის ფრთიანი რაკეტებით აღჭურვილი საფრენი აპარატები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და დაზვერვა აღნიშნავენ რუსული სამხედროების ძალიან დაბალ მორალურ მდგომარეობას, რომლებიც უკვე თავდაცვის რეჟიმში არიან. ამის მიზეზი რამდენიმეა, პირველ რიგში, ესაა დიდი დანაკარგი, რომელიც მათ აქვთ. მაგალითად, რუსულმა „მე-200“ მოტომსროლელმა ბრიგადამ, რომელიც სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, მიიღო ძალიან დიდი დანაკარგი ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. 648 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც უკრაინაში საომრად ჩამოვიდნენ, 645 დაიღუპა. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ სამი, რომელთა შორის ორი დაჭრილია. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსული არმიის მეშვიდე პოლკის 50-მა პროცენტმა დაწერა განცხადება საომარ მოქმედებებში ჩართვაზე უარის შესახებ. მინდა, დავადასტურო, რომ ჩვენმა სამხედროებმა მოკლეს რუსული არმიის გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი. ეს მოხდა ჩერნობაევკას აეროდრომზე, სხვათა შორის სწორედ იქ არიან ბაზირებული მე-7 პოლკის სამხედროები. ახლა გვესმის მათი სულიერი მდგომარეობა და რატომ აღარ სურთ ომში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.