ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ახლა რუსეთისთვის მთავარია შიდა პრობლემა, თუ როგორ „გაყიდონ“ მარცხი
ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ახლა რუსეთისთვის მთავარია შიდა პრობლემა, თუ როგორ „გაყიდონ“ მარცხი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე წააგო და ახლა ფიქრობს, თუ როგორ წარუდგინოს რუსებს ეს მარცხი.

„ახლა რუსეთის მთავარი პრობლემა საგარეო და უკრაინული არ არის. ეს მათთვის შიდა პრობლემაა, თუ როგორ „გაყიდონ“ მარცხი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

არესტოვიჩის თქმით, რუსებმა ომის 50 დღის განმავლობაში მეხუთედ შეცვალეს „სპეციალური ოპერაციის“ ოფიციალური მიზნები ახლა კი, ყველაზე მთავარია მარიუპოლის აღება, ნებისმიერ ფასად.

„ახლა უკრაინა კარნახობს პირობებს, რუსეთს პასუხი არაფერზე აქვს. მათ აქვთ კრიზისი, კატასტროფა და არ იციან, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდნენ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, რუსული ჯარების ბოლოდროინდელი ინტენსიური სარაკეტო იერიშები უკრაინული ქალაქების მიმართულებით არის მათი შურისძიება შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის გამო.