ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორთან, იშან კადერთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის პრაქტიკაში განხორციელების კონკრეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი, რომელიც Times Higher Education-ის კვლევის შედეგების მიხედვით და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით შემუშავდა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერების კონკრეტულ აქტივობებს ასახავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ-ბრიტანული კავშირების გამყარებას განათლების სფეროში.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოში მაღალი ხარისხის ბრიტანული განათლება და კვალიფიკაცია ადგილზე მიიღონ. სწორედ ამიტომ სამინისტრო ყველა პირობას ქმნის ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

თავის მხრივ, Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორმა დადებითად შეაფასა ტრანსნაციონალური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, ზაზა ფურცელაძე ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, რომ Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევა, რომლის მიხედვითაც ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი შემუშავდა. ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის პრეზენტაციას ალექსანდრე წულაძე ლონდონში ვიზიტისას დაინტერესებულ მხარეებთან გამართავს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.