ალექსანდრე წულაძე - სწავლის პროცესში არაფერი შეცვლილა, ისევ ვასწავლით ყველა ავტორსა და ნაწარმოებს
ალექსანდრე წულაძე - სწავლის პროცესში არაფერი შეცვლილა, ისევ ვასწავლით ყველა ავტორსა და ნაწარმოებს

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სასწავლო პროგრამიდან არ ამოღებულა ის ლიტერატურა, რომელზეც, ეს დღეებია, საუბარი მიმდინარეობს და ისინი კვლავ რჩება სასწავლო პროგრამაში.

წულაძის თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ის ნაწარმოებები მოხვდება, რომლებიც სავალდებულოდ სასწავლია.

„მსურს, ხაზი გავუსვა საკითხს, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი. როგორც ლიტერატურის, ისე ისტორიის და სხვა საგნების მიმართულებით სწავლის პროცესში არაფერი შეცვლილა. როგორც აქამდე, ისევ ვასწავლით ყველა ავტორს და ნაწარმოებს. სოციალურ ქსელსა და მედიაში ხშირად მოვისმინე, რომ ამოიღეს, აღარ ასწავლიან. ეს არის ან ტყუილი, ან შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ან შეიძლება, ეს არის ცრუ განგაში, რომლის დანერგვაც საზოგადოებაში თვითონ მოტყუებულმა ადამიანებმა განაპირობეს. ეს არის ცრუ განგაში, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც მოუწევთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, მათ ნასწავლი აქვთ უკვე ყველაფერი, გავლილი აქვთ. ერთადერთი, რაც შეიცვალა ამ საგამოცდო წელთან დაკავშირებით – მუდმივად იყო უკმაყოფილება, რომ რაც სავალდებულოა, რატომ ხვდებოდათ გამოცდებზე იმის მიღმა საკითხები. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც არის სავალდებულოდ სასწავლი.

რაც შეეხება კონკრეტულად ნაწარმოებებს, რომელიც სახელდებოდა გუშინ და დღეს მედიაში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შევცვალეთ პირველად ბოლო 20 წლის მანძილზე. მასში გავაძლიერეთ ეროვნული, პატრიოტული, ეროვნული ფასეულობები. სწორედ ამიტომ 2025 წელს დავამტკიცებთ ახალ საგნობრივ სტანდარტებს“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.