ალექსანდრე წულაძე - 2025 წელს ყველა საგამოცდო საკითხი იქნება სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილიდან, ვინაიდან მუდმივად უკმაყოფილებას იწვევდა არასავალდებულო ნაწილიდან საკითხების შეტანა
საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განმარტებით, სასწავლო პროგრამიდან არ ამოღებულა და არ შეცვლილა ის ლიტერატურა, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი და ისინი კვლავ რჩება სასწავლო პროგრამაში.
წულაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკითხები შევა სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილიდან.
„ლიტერატურაშიც და ნებისმიერ სხვა დარგში არსებობს სასწავლო პროგრამის სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი. 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში მოხვდა მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც არის სავალდებულო. საკითხი იდგა შემდეგნაირად: რა უნდა შეგვეტანა გამოცდებზე – საკითხები როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილიდან თუ მხოლოდ სავალდებულოდან? ვინაიდან წინა წლებში მუდმივად უკმაყოფილებას იწვევდა, რომ არასავალდებულო ნაწილიდანაც ხდებოდა გამოცდებზე გარკვეული საკითხების შეტანა, რომლებიც მოსწავლეებს არ ჰქონდათ ისე დამუშავებული, როგორც სავალდებულო, გადაწყდა, რომ 2025 წელს ყველა საკითხი, რაც საგამოცდოდ გავა, იქნება მხოლოდ სავალდებულო ნაწილიდან. გვსურს, ინიციატივით მივმართოთ, რომ ის ლიტერატურა და ნაწარმოებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებებისა და ფასეულობების გაღვივებას, გადავიდეს სავალდებულო სასწავლო ნაწილში“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მანამდე აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომ. განცხადების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა სავალდებულო ლიტერატურას. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ მიმდინარეობს თავად სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვისა და განახლების პროცესი და სამინისტროს სურვილია, ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს შესთავაზონ ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. მათ შორისაა ის ნაწარმოებები, რომლებიც, როგორც ცნობილი გახდა, 2025 წლის ეროვნული გამოცდებიდან ამოღებულია.