ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მოუთმენლად ველოდებით პროგრესს რეფორმების მიმართულებით, რაშიც საქართველოს ვეხმარებით
ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მოუთმენლად ველოდებით პროგრესს რეფორმების მიმართულებით, რაშიც საქართველოს ვეხმარებით

გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მედეგობის გაძლიერებაში არა მხოლოდ ჩვენი ფლაგმანური პროექტის ფარგლებში, არამედ სხვა საშუალებებით და შესაძლებლობებით, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეები, არამედ პარტნიორებიც მუშაობენ მედეგობაზე, რომელიც რჩება ეროვნულ პასუხისმგებლობად.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნაზე, რომელიც ეხება საქართველოში მედეგობის კონცეფციას. მედეგობა არის საკვანძო კონცეფცია, რომელიც გაწერილია ნატო-ს წესდებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეები, არამედ ჩვენი პარტნიორებიც მუშაობენ მედეგობაზე, რომელიც რჩება ეროვნულ პასუხისმგებლობად. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო ამ პროექტს და ნატო ამაყია, რომ ამას მხარს უჭერს. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მედეგობის გაძლიერებაში არა მხოლოდ ჩვენი ფლაგმანური პროექტის ფარგლებში, არამედ სხვა საშუალებებითა და შესაძლებლობებით“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

მისივე თქმით, ბუქარესტში გამართული მინისტერიალის მთავარი გზავნილი იყო უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ნატო-ს ერთგულების გაგრძელება მაშინ, როდესაც ის განაგრძობს თავდაცვას რუსეთის უკანონო აგრესიის წინააღმდეგ.

„ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, რათა უზრუნველყონ უკრაინის გამარჯვება ამ თავდაცვით ომში. მოკავშირეებმა ასევე განიხილეს სხვა გამოწვევები, მათ შორის მედეგობის მნიშვნელობა და აგრეთვე ჩინეთის მხრიდან მომავალი გამოწვევები. მათ ჰქონდათ ცალკე შეხვედრა საქართველოსთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვასთან, რათა განეხილათ, თუ როგორ შეუძლია ნატო-ს, კიდევ უფრო გააძლიეროს ამ ქვეყნების, ამ სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ისინი განაგრძობენ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

მისივე თქმით, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ.

„ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, ვნახოთ საქართველოში პროგრესი მისი საბოლოო წევრობის მიმართულებით აუცილებელი რეფორმების განხორციელებით, რაშიც ჩვენ საქართველოს ვეხმარებით“, – აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა.