ალექსანდრე ტაბატაძე - მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს წარმატება მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც სუს-ის მუშაობის შედეგია
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, აღნიშნული შედეგები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია.
„აღსანიშნავია, რომ, 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის თანახმად, საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული რეიტინგის შედეგები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მუშაობის შედეგია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას. დასაფასებელია და მადლობას იმსახურებს ეს სამსახური და მისი თითოეული თანამშრომელი“, – აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.