ალექსანდრე რაქვიაშვილი - ზურაბ ჯაფარიძემ ორი პრაიმერიზი ჩაატარა და გამარჯვებული ვინც იყო, გააგდო, როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში ენდო ადამიანს, ვაშაძეს და ხოშტარიას გამოცდილება არ აქვთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ზურაბ ჯაფარიძემ ორი პრაიმერიზი ჩაატარა და გამარჯვებული ვინც იყო, გააგდო, როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში ენდო ადამიანს, ვაშაძეს და ხოშტარიას გამოცდილება არ აქვთ

ზურაბ ჯაფარიძე ის ადამიანია, რომელმაც ორი პრაიმერიზი ჩაატარა და შემდეგ ვინც იყო გამარჯვებული, გააგდო, როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში ენდო ადამიანს. გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ აქვთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების სიის განსაზღვრისას პრაიმერიზის ინიციატივას.

რაქვიაშვილის შეფასებით, არანაირი ღირებულება არ აქვს ისეთ პრაიმერიზს, თუ არ გაიმართება ფართო დებატები და დისკუსიები, რადგან ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, ვის რა პოზიციები აქვს. ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, დისკუსიები კი ოპოზიციურ ფლანგზე პრობლემური საკითხია.

„ჯაფარა ის ადამიანია, რომელმაც პრაიმერიზი ჩაატარა და შემდეგ ვინც იყო გამარჯვებული, გააგდო. შემდეგ მეორე პრაიმერიზი ჩაატარა და ვინც გამარჯვებული იყო, გააგდო და როგორ შეიძლება, ენდო ამ შემთხვევაში ადამიანს, როცა ორი პრაიმერიზი დამოუკიდებლად გააკეთა ჩვენი პარტიიდან რომ წავიდა, ფაქტობრივად, არც ერთი არ შეასრულა. გიორგი ვაშაძეს და ხოშტარიას ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ აქვთ. ამიტომ ზოგადად ამის არ მჯერა, მაგრამ დავიჯერებ ნებისმიერ პრაიმერიზს, თუ იქნება პირველ რიგში ფართო დებატები, დისკუსიები, რადგან პრაიმერიზი რომ ჩაატარო, ამომრჩეველს ხომ უნდა დაანახო, ვის რა პოზიციები აქვს, რომ შემდეგ ამომრჩეველმა ვიღაცას მხარი დაუჭიროს. თუ ეს დებატები არ იქნება, არანაირი ღირებულება არ აქვს ასეთ პრაიმერიზს, იქნება რაღაც ბელადების რაღაც თამაში. ამიტომ ჯერ დავინახოთ, შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები, დაიწყონ ლაპარაკი, დისკუსიები, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან პრობლემური საკითხია. თუ ეს მოხდება, შემდეგ ვნახოთ, არის თუ არა საერთოდ პრაიმერიზის რამე შანსი. საერთოდ, პრაიმერიზი არ ნიშნავს რაიმე ტიპის გაერთიანებას. პრაიმერიზის შედეგად ჩვენ გამოვავლენთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსებს ამომრჩეველში პოპულარობის მიხედვით და შემდეგ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ, ვისთან გაერთიანდებიან და გაერთიანდებიან თუ – არა“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.