ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიმედოვნებ, საბოლოოდ ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შევჯერდებით, ამის შანსი არსებობს და ჩვენ ხელს შევუწყობთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიმედოვნებ, საბოლოოდ ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შევჯერდებით, ამის შანსი არსებობს და ჩვენ ხელს შევუწყობთ

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, საბოლოო ჯამში ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შეჯერდებიან.

„ზოგადად, შეთანხმების იდეა იყო, რომ ჩვენ მივიღებდით საერთო კანონს, რადგან ეს კანონი ჩვენთვის შერიგებას და ბრძოლის დასრულებას ნიშნავს. იმედია, საბოლოო ჯამში, როცა დაიწყება კონსულტაციები და კანონპროექტების განხილვა, ერთ კანონპროექტზე შევჯერდებით. თეორიულად ამის შანსი არსებობს. ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობას, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების პროექტი ითვალისწინებს, რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ლოგიკური მოთხოვნა არ არის.

„ზოგადად, დაზარალებულის თანხმობის ნაწილში არ მგონია, რომ ეს ლოგიკური მოთხოვნა იყოს. მე პირადად მივიჩნევ, რომ ეს იდეა გაჩნდა ამნისტიაზე დისკუსიის დროს, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევის ინსტრუმენტი, რადგან, როგორც ჩანს, ოპოზიციური ამომრჩეველი არ იყო მზად, რომ ეს შეთანხმება მოხდებოდა, ამაზე არ იყო საჯარო საუბარი, დისკუსიები. მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის პუნქტი უკვე თვენახევარია, ცნობილია, არ მგონია, რომ ეს პუნქტი გამართლებული იყოს.

დავიწყებთ დისკუსიას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული პუნქტი, არამედ ის, რომ იყოს ერთობლივი დოკუმენტი, მაშინ მართლა შეიძლება იქნას განხილული, როგორც შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ ამნისტიის კანონპროექტს გამოვიყენებთ როგორც დაპირისპირების ერთ-ერთ ინსტრუმენტს, მაშინ ეს ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებას, რომელიც გავაფორმეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამნისტიის კანონპროექტი იქნება მიღებული. სავარაუდოდ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ ვერსია, ტექნიკურად ასე გამოდის. იმედი მაქვს, რომ როცა დავიწყებთ განხილვას, პოზიციები დაახლოვდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საუბრისას კი, რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ეთანხმებიან.

„შარლ მიშელის დოკუმენტის დისკუსიისას ისედაც განხილვის საკითხი იყო და იქ არ წერია არაფერი, რაც არ შეიძლება, იყოს შესრულებული. დარწმუნებული ვარ, აისახება საბოლოო რეფორმაში. თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში მზადდებოდა, მათ შორის „გირჩის“ რამდენიმე წინადადება იყო, ეს ეხება დაკვირვებას, ბიულეტენების მარკირებას და ა.შ. ვეცდებით, ეს პუნქტები სრულყოფილად აისახოს. აქტიურად ვიქნებით ჩართული, ეს აუცილებელია, რომ მომავალში აღარ გვქონდეს დისკუსია, ვინ გააყალბა ან არ გააყალბა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.