ალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მაშველი რგოლი გადაუგდო „ქართულ ოცნებას“, შანსი გააჩინა, რომ სწორი გზავნილებით ევროპელების პოზიცია უფრო დააახლოვოს დადებით გადაწყვეტილებასთან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მაშველი რგოლი გადაუგდო „ქართულ ოცნებას“, შანსი გააჩინა, რომ სწორი გზავნილებით ევროპელების პოზიცია უფრო დააახლოვოს დადებით გადაწყვეტილებასთან

სალომე ზურაბიშვილმა მაშველი რგოლი გადაუგდო „ქართულ ოცნებას“. მეც მივიჩნევ, რომ ჩავარდნილი იყო მუშაობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროინტეგრაციის ნაწილში და შანსი გააჩინა, რომ სწორი ნაბიჯებით, სწორი გზავნილებით ევროპელების პოზიცია უფრო დააახლოვოს დადებით გადაწყვეტილებასთან, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შეფასებისას.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ შეკრებასაც. მისი შეფასებით, არის აშკარა მცდელობა, რომ მოსახლეობაში არსებული საპროტესტო განწყობა იყოს ჩახშობილი.

„შეიძლება, ეს ჩაითვალოს საერთო თამაშად „ქართული ოცნების“, სხვადასხვა ფლანგზე თამაშობდნენ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ ეს განცხადება ამ ნაწილში სწორი იყო და გასაგები. მეორე საკითხია რეალურად რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელოვანი ექნება ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მაინც საინტერესოა „ქართულ ოცნებაში“ როგორ დალაგდა, რომ მთავრობა და პრეზიდენტი ერთის მხრივ, ორივე ივანიშვილის მხარეს არის, თან ურთდაპირისპირებაში შედიან. რაც შეეხება მიტინგს, ცოტა გაუგებარი მიტინგია, აშკარად მცდელობაა, ჩახშობილი იყოს საპროტესტო განწყობა რომელიც მოსახლეობაში გაჩნდა ამ ნეგატიური მოლოდინების ფონზე. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანისთვის მისაღები იქნება იმ აქციაზე წასვლა, სადაც დიპლომატები იქნებიან და გასაგები გზავნილი ექნება და არ დახვდებათ უაზროდ მოყვირალი პოლიტიკოსები. „გირჩი“, როგორც წესი, ასეთ დროს პარტიის პოზიციას არ ასახელებს, ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მხარდამჭერებში იქნებიან ადამიანები ვინც წავა და ვინც არ წავა. მივიჩნევ, რომ ეს განცხადება უფრო დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დაასრულოს. ის შეფასებები, რომელიც ოპოზიციაზე იყო გაკეთებული, იყო პასუხი იმ ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ჩვენს შიდა დაპირისპირებაში რომელიღაც პარტიის მხარეს დაიკავებდა. ისედაც ცხადი იყო პრეზიდენტის პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. ძალიან გასაგები გზავნილი იყო და პროგნოზირებადი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.