ალექსანდრე რაქვიაშვილი საგაზაფხულო სესიაზე „გირჩის“ კანონპროექტის განხილვას ითხოვს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდის შეჩერებას ითვალისწინებს
ალექსანდრე რაქვიაშვილი საგაზაფხულო სესიაზე „გირჩის“ კანონპროექტის განხილვას ითხოვს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდის შეჩერებას ითვალისწინებს

„გირჩი“ საგაზაფხულო სესიაზე იმ კანონპროექტის განხილვას ითხოვს, რომელიც მათ მიერ არის ინიცირებული და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდის შეჩერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ერთი კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება და არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, არ არის განხილული. იქნებ საგაზაფხულო სესია ისე ჩავამთავროთ, რომ ჩვენი ერთი კანონი ერთ კომიტეტზე მაინც გავიტანოთ. მაგალითად, გვინდა, საზმაუს ბიუჯეტის ზრდა გავაჩეროთ. სულ მცირე, აღარ გავზარდოთ, უკვე 100 მილიონს რომ ავცდით. ყველა თანახმაა ამ სამყაროში, ვისაც ვიცნობ. მთავრდება საგაზაფხულო სესია და ხომ შეიძლება, ერთი კანონპროექტი მაინც განვიხილოთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

თავის მხრივ, გია ვოლსკიმ რაქვიაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ თემის განხილვა სექტემბრისთვის დაგვიანებული არ იქნება.

„არ მგონია, რომ სექტემბრისთვის დავაგვიანოთ ამ თემაზე მსჯელობა. ეს არ არის თემა, რომელიც მე და თქვენ შეიძლება, გადავწყვიტოთ. მე არ ვუჭერ მხარს დადებითი განწყობით, მაგრამ სექტემბერში ამ თემის წამოწევა სავსებით რელევანტურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.