ალექსანდრე რაქვიაშვილი - საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუცია, 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან ან თავის დროზე არ აგვეყვანა, რა დაშავდებოდა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუცია, 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან ან თავის დროზე არ აგვეყვანა, რა დაშავდებოდა

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვერ დაინახა, საერთოდ რაში სჭირდებათ ეს ინსტიტუცია.

რაქვიაშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ინსტიტუცია ოპოზიციისთვის ახლა იმიტომ გახდა კარგი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ მოეწონათ.

„მაქვს შეფასება, პირველ რიგში, ოპოზიციის მიმართ, ბევრი დისკუსია მოვისმინე ამ თემაზე და არგუმენტი გამოთქმული იყო მშობიარობაზე, სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ მე საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია. მართლა რაში გვჭირდება და ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა. თუ ოდესღაც ინსტიტუცია არ იყო სწორი, კარგი, არ ვუჭერდით მხარს, ახლა რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ან ისეთი, რომ მოგვეწონა, ამიტომ გახდა კარგი? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მხოლოდ. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ინსტიტუცია მართლა გვჭირდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილმა მიმართა „ქართულ ოცნებასაც“, კითხვების მოსახსნელად, ლონდა თოლორაიას ახალი სააგენტოს ხელმძღვანელობა შესთავაზოს.

„ქართულ ოცნებას“ მინდა, მივმართო, ხომ ცხადია, რომ ლონდა თოლორაიაზეა საუბარი, ერთი ადამიანის გაშვებაზე ამდენი ამბავი ავტეხეთ. თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ და რატომღაც რაღაც რეფორმა არის ჩაფიქრებული, რომელსაც მე ვერ ვხედავ, რაში გამოიხატება, მაგრამ დავუშვათ, პრემიერ-მინისტრი რადგან აფასებს ლონდა თოლორაიას კვალიფიკაციას, საჯაროდ შესთავაზა დასაქმება, იქნებ, ამ ახალი სააგენტოს დირექტორის პოზიციაც შესთავაზოთ? თვითონ აირჩიოს, რომელი ახალი სააგენტოს თავმჯდომარეობა უნდა. მაშინ ყველა კითხვა მოიხსნება, ლონდა დარჩება თანამდებობაზე და მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ რაღაც რეფორმასა და შინაარსზე. მგონი, ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი გამოსავალი იქნება“, – განაცხადა აღნიშნა რაქვიაშვილმა.