ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილს რევოლუციის მოწყობა თუ უნდოდა, ალბათ თავიდანვე სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, მათ შორის, აეროპორტში რომ ჩამოფრენილიყო, მეტი შანსი იყო
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილს რევოლუციის მოწყობა თუ უნდოდა, ალბათ თავიდანვე სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, მათ შორის, აეროპორტში რომ ჩამოფრენილიყო, მეტი შანსი იყო

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რევოლუციის მოწყობა თუუნდოდა, ალბათ, თავიდანვე სხვანაირად უნდა მოქცეულიყო და ქვეყანაში აეროპორტის გავლით შემოსულიყო.

ჟურნალისტებთან საუბარში რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს.

„გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ უნდა და ამ მომენტისთვის რევოლუციის მეტი არაფერი რჩება, ალბათ, ასეც გამოდის, მაგრამ უამრავი სხვა განცხადებაა, რომ ძალაუფლების შეცვლა მშვიდობიანად უნდა მოხდეს. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოსო, მეორე დღეს პოზიცია შეცვალა. მგონი, ეს იმ გარემოებას ასახავს, რომელიც ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობისას ყოველთვის გვაწუხებდა, რომ არ არსებობს არანაირი გეგმა, რა გავაკეთოთ. არის წუხილი არსებული მდგომარეობით, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გავაკეთოთ.

თუ მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობა უნდოდა, ალბათ, თავიდანვე სხვანაირად უნდა მოქცეულიყო, მათ შორის აეროპორტში რომ ჩამოფრენილიყო, ამის უფრო მეტი შანსი იყო, მაგრამ რა გეგმები აქვთ? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ერთ ეტაპზე არ თქვა, რას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვპირდა. თეორიულად, თუ რევოლუციის მოწყობა გინდა, ამბობ, რომ ჩამოვდივარ და არ დამიჭიროო, ანუ, რაც დაახლოებით უკრაინაში მოხდა. თუ ბევრი მხარდამჭერი აეროპორტში მივიდოდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად არ დააჭერინებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამე წარმოსადგენია, ასეთი რამე უკრაინაში ერთხელ უკვე მოხდა, მაგრამ თუ ამას განზრახ არ აკეთებ და ამბობ, მშვიდობიანად ჩამოხვედი, რომ დაძაბულობა არ ყოფილიყო, ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ახლა გამომიშვი და მთავრობას გავაგდებო. განცხადებებს შორის ლოგიკურ ბმას ვერ ვხედავ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.