ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილისთვის პატრიარქი ავტორიტეტს თუ წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილისთვის პატრიარქი ავტორიტეტს თუ წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა

მიხეილ სააკაშვილი თუ უჯერებს პატრიარქს და მისთვის პატრიარქი ავტორიტეტს წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შერიგების საკითხზე არათანმიმდევრული განცხადებები აქვს.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ამ ნაწილში ხშირად არათანმიმდევრული განცხადებები აქვს. მონანიების იდეა პატრიარქიდან წამოვიდა და სულ რამდენიმე კვირის წინ თვითონ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ფაქტობრივად პატრიარქის მრევლია და პატრიარქის მიმართ ნდობას აცხადებდა. არ ვიცი, მისი პოზიცია რითაა განპირობებული, მაგრამ თუ ის უჯერებს პატრიარქს და მისთვის პატრიარქი ავტორიტეტს წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა გადაწყდეს. ეს პრობლემა მე პირადად ხელს მიშლის, რადგან არ შემიძლია, რაიმე სერიოზულ პრობლემაზე ჩემს კოლეგებს პარლამენტში ველაპარაკო – ქვეყანაში ინფლაცია შევამციროთ ან განათლების რეფორმა ჩავატაროთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მეუფე იოანე გამრეკელის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ დროა, ენის მოჩლექით საუბარი შეწყდეს ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა, რომ მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. „დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება“, – აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორების შეკითხვებისთვის არ უპასუხია და 7 ნოემბრის მოვლენებზე არ უსაუბრია.