ალექსანდრე რაქვიაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ, მისი პარტია რადგან არაფერს აკეთებს, დაასკვნა, რომ სხვებიც არაფერს აკეთებენ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ, მისი პარტია რადგან არაფერს აკეთებს, დაასკვნა, რომ სხვებიც არაფერს აკეთებენ

როგორც ჩანს, ზურაბ ჯაფარიძე იმდენად ამოვარდნილია პოლიტიკიდან, რომ მართლა ვერ ხვდება, სხვები რას აკეთებენ. მისი პარტია რადგან არაფერს აკეთებს, აქედან გააკეთა დასკვნა, რომ სხვებიც არაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით რაქვიაშვილი გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს, სხედან პარლამენტში და კარგად არიან“.

რაქვიაშვილის განმარტებით, „გირჩი“ ძალიან ბევრს მუშაობს და აქვთ შედეგებიც, ასევე დიდი გეგმები.

„ვინც რეალურად არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესში ჩართული, იმან იცის, რომ ოპოზიცია ჩართულია, თუმცა ნაწილი ჩემი კოლეგებისა პასიურია და არაფერს აკეთებს. მე არ ვიცი, მისი გადმოსახედიდან უმოქმედობა რას ნიშნავს და თვითონ როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური აქტივობა. ამიტომ, მე ვიცი, რომ ჩვენ აქტიურები ვართ და სხვა პარტიები თუ რაღაცაზე წუხან, ეს მათი პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან, საბოლოო ჯამში, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე იდეის ირგვლივ რაიმე ტიპის გაერთიანება შეიძლება, იყოს. ჩვენ მარტო ამ ტიპის თანამშრომლობას განვიხილავთ, თუ რაღაც იდეა და კონკრეტული მიზანი იქნება, მაგალითად წესრიგის ცვლილება, იქნება ეს სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმები და ა.შ. მიუხედავად ამისა, სხვა პარტიებმა რომ მიიღონ გადაწყვეტილება, პირობითად, მიხეილ სააკაშვილის გამოშვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა, ჩვენ მაინც ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და იმით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.