ალექსანდრე რაქვიაშვილი - მავნე ჩვევაა, ყველა ჩვენი პრობლემა მთავრობას დავაკისროთ, ზრდილობა რომ დამკვიდრდება, ეს გამოიწვევს ნორმალურ წესრიგს, არავინ გაუშვებს ფოიერვერკს ღამის 12:00 საათზე
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მავნე ჩვევაა, ყველა ჩვენი პრობლემა მთავრობას დავაკისროთ, ზრდილობა რომ დამკვიდრდება, ეს გამოიწვევს ნორმალურ წესრიგს, არავინ გაუშვებს ფოიერვერკს ღამის 12:00 საათზე

ძალიან ცუდი, მავნე ჩვევაა, რომ ყველა ჩვენი პრობლემა, სუფთა ადამიანური პრობლემები მთავრობას დავაკისროთ. ზრდილობა რომ დამკვიდრდება, სხვა ადამიანებს პატივი უნდა სცე, ეს გამოიწვევს ნორმალურ წესრიგს, არავინ გაუშვებს ფოიერვერკს ღამის 12 საათზე, ამ საკითხის მთავრობისთვის გადაბარებით პრობლემა არ მოგვარდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ხმაურის დონის ინდექსის განსაზღვრასა და კონტროლს ეხება და აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იდილიას, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის არის ამჯერად ამ დარბაზში და არ აღვნიშნო, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ კანონის. ჩემი მეზობელი საშინელ ხმაურს გამოსცემს, უფრო სწორად, მისი ბავშვი, დახტის, ხტუნაობს, ისეთი საშინელებაა, თქვენ არც კი წარმოგიდგენიათ, მაგრამ აზრად არ მომსვლია, რამე მექნა. ბავშვია და სხვათა შორის, პატარა რომ ვიყავი, მაგიდიდან ვხტებოდი ხოლმე, ვერთობოდი ასე და არ ვიცოდი, რომ ჩემი მეზობელი ძალიან წუხდა ამის გამო, მაგრამ არც ის ქმნიდა რაღაც პრობლემას. ადამიანების უნარი უნდა იყოს, რომ თვითონ მოაგვარონ საკუთარი პრობლემები თავიანთ მეზობლებთან. ჩემს სახლთან რესტორანია და ფოიერვერკებს რომ უშვებენ ღამის 12:00 საათზე, მართლა მგონია, რომ გიჟები არიან და ზრდილობა აკლიათ, მაგრამ თქვენთან კი არ მოვიდოდი, პარლამენტართან კი არ მოვიდოდი ამის მოსაგვარებლად, თუ დამჭირდება, ჩავალ და ვეტყვი, რას ვფიქრობ ამ ადამიანებზე. არასწორად ვიქცევით როცა ასეთ, სუფთა ადამიანურ პრობლემებს მთავრობას ვაკისრებთ – მთავრობამ უნდა იზრუნოს, პარლამენტარმა უნდა იზრუნოს. თვითონ პრინციპი არის არასწორი. ადრე ავტომატებით ისროდნენ, ახლა ხომ აღარ ისვრიან, იმიტომ კი არა, რომ ავტომატები აღარ დარჩათ ადამიანებს, 300 ათასი იარაღია და ა.შ. იცვლება ადამიანების აღქმა. ზრდილობა რომ დამკვიდრდება, ქალაქში სხვა, უცნობ ადამიანებს პატივი უნდა სცე, ეს გამოიწვევს ნორმალურ წესრიგს, არავინ გაუშვებს ფოიერვერკს ღამის 12:00 საათზე, თორემ მეც ნერვები მეშლებოდა, როცა მაგალითად, ჩემი ბავშვი პატარა იყო და ამის გამო ეღვიძებოდა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ მოგვარდება იმით, რომ მთავრობას გადავაბარებთ. ძალიან ცუდი, მავნე ჩვევაა, რომ ყველა ჩვენი პრობლემა მთავრობას დავაკისროთ. ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ და ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიცია ამას ვერ ხვდება“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.