ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ხალხის ძალის“ ინიციატივა არის ღიად გადადგმული ნაბიჯი, რომ არასამთავრობო სექტორი გაკონტროლდეს, არ მეგულება ოპოზიციაში ვინმე, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - „ხალხის ძალის“ ინიციატივა არის ღიად გადადგმული ნაბიჯი, რომ არასამთავრობო სექტორი გაკონტროლდეს, არ მეგულება ოპოზიციაში ვინმე, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ინიციატივა მიუღებელია და ცვლილებების მიზანია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის გაკონტროლება.

რაქვიაშვილის თქმით, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ეს არის ყოვლად მიუღებელი და საშინელი ინიციატივა. ცვლილებების მთავარი მიზანია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გაკონტროლებული იყოს და, ფინანსური სანქციების მეშვეობით, მთავრობის მხრიდან მათზე კონტროლი დამყარდეს. თუ საჭირო იქნება, შემდეგ ნებისმიერი ასეთი ორგანიზაციის დახურვაც შეიძლება. რუსეთში გავრცელებული პრაქტიკაა, როცა შეიძლება ხელოვნურად გადარიცხვები განახორციელონ, ამის საფუძველზე შემდეგ დახურონ. მერე წავიდეს „ენჯეო“ და იჩივლოს სასამართლოში, რომელიც ასევე კონტროლირებადია და გასაგებია, არანაირი შანსი არ ექნება. ეს არის ღიად, დაუმალავად გადადგმული ნაბიჯი, რომ არასამთავრობო სექტორი გაკონტროლდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბევრი პრეტენზია მაქვს, რაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს ეს ხალხი, საბოლოო ჯამში, მათი კონტროლი ცუდად დამთავრდება. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ერთ-ერთი ალტერნატიული აზრის წყარო ჩვენს ქვეყანაში და არ შეიძლება, მთავრობაზე იყოს ჩამოკიდებული.

ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. არ მეგულება ოპოზიციაში ვინმე, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. დიპლომატიურ კორპუსში არ მეგულება ვინმე, ვინც ამას მხარს დაუჭერს, ისინი ძალიან ნერვიულობენ, რომ ჩვენ ასე ღიად რუსეთის გზას დავადექით. იმედია, ერთობლივი ძალისხმევით ამ კანონპროექტს გავაჩერებთ. ეს არის ცალსახად რუსული გზა, რუსული კანონი, იდეა და შინაარსი. ნებისმიერ ადამიანს დავუმტკიცებ ამას, ვინც გაბედავს, ამ თემაზე ჩემთან დებატებში დაჯდეს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რითიც შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.