ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება თუ მოხდება, პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდ გარემოში წარიმართება
ალექსანდრე რაქვიაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება თუ მოხდება, პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდ გარემოში წარიმართება

„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის იდეას მიესალმება.

„ძალიან კარგია, საბოლოო ჯამში თუ იქნება მიღებული ზომები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკები არ დადგეს და საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოხდება. ნაკლები ემოციები იქნება და პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდ გარემოში წარიმართება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ნდობა ამ ჯგუფის მიმართ“, ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი თუ ენდობა, მისთვის ეს საკმარისი იქნება.

„არ ვიცი, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა და ენდობა, ჩემთვის ეს საკმარისია“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„გირჩის“ წევრმა სააკაშვილთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი სასამართლო, რომლის გადწყვეტილება საბოლოო ჯამში ყველასთვის დამაჯერებელი იქნება.

„შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტპატიმრის წოდება არ იყოს სწორი, მაგრამ ზოგადად რომ ეს პოლიტიზებული სიტუაციაა, ცხადია. პრობლემა წარმოიშვა არა იმიტომ, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამით კი არ უნდა განვსაჯოთ ჩვენი ემოცია, ინტუიცია და თუნდაც ჩვენი ცოდნა რას გვეუბნება, არამედ სასამართლო უნდა გვქონდეს ისეთი, რომლის გადწყვეტილება საბოლოო ჯამში ყველასთვის დამაჯერებელი იქნება. ვიდრე სასამართლო არ გვექნება, ეს პრობლემა იქნება.

ჩემთვის პრობლემაა არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არამედ პრობლემაა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, შემდეგ არც ერთი მხარე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც კი ამას არ გააპროტესტებდნენ. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბევრი სხვადასხვა ტიპის დანაშაული რომ ხდებოდა, ამ გარემოებას არც სააკაშვილის მხარდამჭერები უარყოფენ. შემდეგი საკითხია, ეს როგორ გარდაიქმნება განაჩენში, როგორი სანქცია და რა ფორმით იქნება გამოყენებული. ვინაიდან სასმართლო არ გვაქვს, ეს მუდმივად პრობლემა იქნება, თორემ მიხეილ სააკაშვილი თეორიულად ციხეში რომ იჯდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.