ალექსანდრე რაქვიაშვილი - დიდი ხანია, გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, მოვისმინეთ ბევრი ბრალდება, რომელიც თუ მართალია, მტკიცებულებებს ითხოვს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - დიდი ხანია, გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, მოვისმინეთ ბევრი ბრალდება, რომელიც თუ მართალია, მტკიცებულებებს ითხოვს

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადება მისთვის გაუგებარია.

რაქვიაშვილის შეფასებით, ბრალდებებთან ერთად შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი.

ალექსანდრე რაქვიაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. პოდოლიაკის თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დაძაბულობაა.

„დიდი ხანია, ჩემთვის გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადება, რადგან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ბრალდება, რომელიც თუ მართალია, მტკიცებულებებს ითხოვს და გასაგები უნდა იყოს. ეს განცხადებები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ფარული ღონისძიებებია, რაც ამ კონფლიქტს ქმნის და ძალიან ვწუხვარ, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ასეთი დაძაბულობაა. იმედია, სულ მცირე გავერკვევით და საჯარო გახდება მიზეზები, რა ხდება და რაშია საქმე. ან ჩვენი მთავრობა გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოიხსნას“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.