ალექსანდრე რაქვიაშვილი - გამიხარდება, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოში
ჩემთვის სულ ერთია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. უფრო სწორად, გამიხარდება, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვანთ საკრებულოში. თუ მიიღებენ, არა უშავს, რაღაც ტიპის კონკურენცია იქნება და შეიძლება საინტერესოც იყოს პოლიტიკური ცხოვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ დიდი ხანია, ემზადება არჩევნებისთვის.
„ახლა კონკრეტულ კანდიდატებთან ვსაუბრობთ, რომ უშუალოდ დავიწყოთ მათი მომზადება აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის. პირველ რიგში, კონცენტრირებული ვართ დიდ ქალაქებზე. ყველგან ვეცდებით, წარვადგინოთ კანდიდატი, სადაც იქნება ის, ვისაც უნდა, „გირჩის“ სახელით ილაპარაკოს საკრებულოში, არის პატიოსანი ადამიანი, აღელვებს თავისი ქალაქის და რეგიონის პრობლემები. გიორგი გახარია, ფაქტობრივად, ღიად ამბობს, რომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგათ ეშინიათ ერთმანეთის ბულინგის, ესენიც მშიშარა ხალხია და ვერ ბედავენ, რომ პირველებმა რაღაც კონკრეტულად თქვან, მერე თუ იტყვიან, ვიღაც დააბულინგებს, ამიტომ ურჩევნიათ, იქნებ ვიღაც სხვამ თქვას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არასერიოზულობაზე და იმედია, ამომრჩეველი სათანადო დასკვნებს გამოიტანს. დარწმუნებული ვარ, მთელი ეს პროევროპული 4, 5, 9, 25 ძალიან მშიშარები არიან პოლიტიკურად და ვერ ბედავენ, მკაფიო პოზიციები დააფიქსირონ. ამომრჩეველი თუ დააკვირდება, ყოველთვის სადღეგრძელოებით ლაპარაკობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.