ალექსანდრე რაქვიაშვილი - ბათუმში ელექტრონულ არჩევნებს მთელი პარტია ვაკვირდებოდით, საჩხუბარიც აღარაფერი იყო
„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადების ის ნაწილი, სადაც ელჩი ელექტრონულ არჩევნებზე საუბრობს, მისთვისაც დამაბნეველია.
რაქვიაშვიაშვილის თქმით, ელექტრონული არჩევნების დროს ბევრად მარტივ პროცესთან გვაქვს საქმე.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა წინასაარჩევნო გარემოა. ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, წინასაარჩევნოდ რაც ხდება, ბევრად მასშტაბური და გადამწყვეტია, ვიდრე უშუალოდ არჩევნების დღე.
„რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, ეს ჩემთვისაც ცოტა დამაბნეველი აღმოჩნდა, რადგან საუბარია ელექტრონული დათვლის სისტემაზე. ანუ, ჩვეულებრივ ადამიანი მიდის, ბიულეტენს დებს აპარატში. უბრალოდ, ბიულეტენის ფორმა იცვლება. ბეჭედი და ხელმოწერა რომ იყო საჭირო და ამით აყალბებდნენ, ხან ბეჭედს არ დაარტყამდნენ, ხან ხელის მოწერას არ გააკეთებდნენ და ამით ხდებოდა გაბათილება, ასეთი პრობლემები აღარ იქნება. ბევრად მარტივი პროცესია, ამიტომ როგორც კი არჩევნები მთავრდება, 10 წუთში გვაქვს შედეგი. დიდ ნაწილზე ავტომატურად ხდება ხელით გადათვლაც, შემდეგ შეიძლება მოითხოვო, თუ ამის საჭიროებაა. იყო ხოლმე, რომ ისე შემოხაზა ადამიანმა, აპარატმა არასწორად აღიქვა. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, ბათუმში რომ გვქონდა არჩევნები, მთელი პარტია იქ ვიყავით, ყველა უბანზე ვაკვირდებოდით და უბრალოდ საჩხუბარიც აღარაფერი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები იდგნენ უსაქმურად და ვერც ხვდებოდნენ, რაზე ეჩხუბათ. მგონი, საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა წინასაარჩევნო გარემოა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“. დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90 პროცენტი ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, ამომრჩეველმა იცოდეს, ეს როგორ მუშაობს. „აშშ-შიც ვნახეთ, ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილი ამ სისტემის გამოყენებაზე და თუ ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.