ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ განვიხილავ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ციხეში აღმოჩნდა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - არ განვიხილავ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ციხეში აღმოჩნდა

გუშინდელი აქცია იყო ილუსტრაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ჩვენი ქვეყანა ორად არის გაყოფილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ განიხილავს.

„ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ძალიან ბევრს სურს, ციხეში იჯდეს. ეს პოლიტიკური პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს. ამ მომენტში არ განვიხილავ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია იმ გაგებით, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ციხეში აღმოჩნდა. მე მაგალითად, მაინტერესებს, საბოლოო ჯამში რა გეგმები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ამაზე „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ მოგვისმენია დეტალური ახსნა, მაგრამ როგორი შეფასებაც არ უნდა იყოს, ეს პოლიტიკური პრობლემაა. გვინდა, არ გვინდა, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება მორიგი პატიმარი. ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პრობლემა იქნება. ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს პოლიტიკური პრობლემა მოვაგვაროთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ შეუერთდება მეორე ტურის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე წინასწარ ვერ იტყვის, რადგან მნიშვნელოვანია, რა მოტივით დაუძახებენ ხალხს ქუჩაში გასასვლელად.

„გააჩნია, მელია აქციაზე ხალხს რაზე გამოიყვანს. ჩვენი მთავრობა, რომ გამოვიდეს და თქვას ნატო-ში შესვლა აღარ გვინდაო, მე პირველი გავალ, იმისდა მიუხედავად, გამოიყვანს თუ არა ხალხს მელია. გააჩნია, რა მოხდება და რის გამო გადიან, თორემ ზოგადად, მიტინგის მოწყობა თუ უნდა, გავალ თუ არა, წინასწარ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.