უშგულში სვანური კოშკების აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
უშგულში სვანური კოშკების აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასა და სვანეთის სოფლების მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სოფელ ჩაჟაშიდან იუწყება.

ადგილობრივებმა გუბერნატორს სოფლების პრობლემებზე ესაუბრეს. კერძოდ, მათი მთავარი პრობლემა ზვავამრიდის დამონტაჟებაა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სვანური კოშკებისა და მაჩუბების გადარჩენა, რომლებიც ინგრევა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა გირშელ ჭელიძემ განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთი წლის წინ აღდგენილი კოშკები და მაჩუბები დაათვალიერეს და ახლა სააგენტოს მხრიდან რეაგირებას ელოდებიან.

„გვაქვს ერთი ინიციატივა, რომელიც გუბერნატორს შევთავაზეთ სოფლის მოსაკრებელთან დაკავშირებით. ინიციატივა ყველამ მოიწონა, ოღონდ ჯერ დასამუშავებელია. ტურისტი, რომელიც აქ ამოვა, რაღაც მიზერულ თანხას გადაიხდის, რადგან უშგული არ არის ჩვეულებრივი სოფელი, ეს არის მუზეუმი. მოსაკრებელი მთლიანად მოხმარდება სოფელს“, – განაცხადა გირშელ ჭელიძემ.

ამასთან, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა, მოსახლეობის გულისწყრომა სამართლიანია და აღნიშნა, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული.

„აუცილებელია, დაუყოვნებლივ გამოსწორდეს პრობლემები. მოსახლეობასთან შევთანხმდით, რომ დღეს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, გვექნება აქტიური კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში აუცილებლად მივიღებთ ზომებს ამ საკითხის გამოსასწორებლად. ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელებენ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა გაფრინდაშვილმა განაცხადა, მათი სვანეთში ჩასვლის მიზანი სწორედ შარშან და წელს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განხორციელებულიყო. მისი თქმით, სვანეთში ჩავიდა სპეციალისტთა ჯგუფი – არქიტექტორები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები.

„როდესაც კეთდება ასეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც გულისხმობს მთელი სოფლის რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც ხარვეზი გამოჩნდეს და ამისგან დაზღვეული არავინ არის. იმიტომ არსებობენ სპეციალისტები, რომ გააანალიზონ, სადმე რამე თუ არასწორად არის გაკეთებული, გასწორდეს. 27 აგვისტომდე მონიტორინგს გავაგრძელებთ მესტიის რაიონში, ხოლო როგორც კი თბილისში დავბრუნდებით, საბჭოს თითოეული წევრი გააკეთებს თავის ჩანაწერს, რომელიც გააანალიზდება და ამ დასკვნის საფუძველზე იმოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

დატოვე კომენტარი