ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ დგას
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ დგას

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ დგას.

„რუხის საავადმყოფოს რაც შეეხება, პრაქტიკულად სრულიად მოწესრიგებულია და მზად არის, მიიღოს პაციენტები. პაციენტები არ შემოჰყავთ ჯერჯერობით, ვინაიდან ამისი აუცილებელი გადაუდებლობა დღეს არ არის და გვირჩევნია, უკეთესად მოწესრიგდეს. იყო ასეთი მოსაზრება, რომ იქ ყოფილიყო ჯერ საკარანტინო, შემდეგ ცხელების ცენტრი, თუმცა ვინაიდან ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობით სასტუმროები, პირდაპირ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქ მოეწყოს ინფექციური საავადმყოფო. პრაქტიკულად დამთავრებულია. თუ კი საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია უკვე ხვალიდან, ზეგიდან, დავიწყოთ პაციენტების მიღება. თუმცა ჯერ, საბედნიეროდ, ამის აუცილებლობა არ გვაქვს“ ,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ამ დროისთვის ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა. ერთი – ზედაეწერელი მამაკაცი, რომელიც იყო პირველი ინფიცირებული ჩვენს რეგიონში, უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში, მეორე მოქალაქე, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონია, გუშინ აუღეს ანალიზი და უარყოფითი პასუხი გვაქვს, თუ დღესაც უარყოფითი ანალიზები ჩამოვა, მასაც გაწერენ სახლში.

რაც შეეხება მესამე შემთხვევას, 72 წლის ექიმს, რომელიც არის ფოთიდან და უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბედნიეროდ, მისი შვილის და მეუღლის ანალიზები ჩამოვიდა და უარყოფითი პასუხებია. ექიმის კონტაქტები ცნობილია და მასზე დამატებით ეპიდემიოლოგები მუშაობენ“ , – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 51 პირი იმყოფება, მათგან შვიდი საკარანტინო სივრცეს დღეს დატოვებს.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფებს, ამ დროის მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციაში 111 პირია, ხოლო 788 მოქალაქეს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.