ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას არ გამორიცხავს
ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას არ გამორიცხავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას არ გამორიცხავს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

„ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. გამორიცხული არაფერი არ არის. ხედავთ, როგორი ხალხმრავლობაა, და კორონავირუსის გავრცელების პირველი წყარო, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობა და ის მოურიდებლობაა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი თქმით, დღეს პოლიციასთან ერთად განიხილავენ ვითარებას და არ არის გამორიცხული, ზუგდიდის ბაზარი ისევ დაიკეტოს.

„დილიდან ხალხმრავლობაა ბაზართან, უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მოსახლეობა არ იცავს დისტანციას და ბაზართან პოლიციელებს მოქალაქეების დაჯარიმება მოუწიათ. თუ მოსახლეობა არ დაიცავს საგანგებო ვითარებით გათვალისწინებულ წესებს, ბაზარი დაიკეტება“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

ალესანდრე მოწერელიას თქმით, შესაძლოა, მოხდეს სასაფლაოების ჩაკეტვაც.

სასაფლაოებიც დაიკეტება, თუ იქნება ასეთი გადაადგილება, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლობის გამო სხვა მოქალაქეებს შეეზღუდებათ გადაადგილების საშუალება. ეს შეიძლება ყოველ წუთს გახდეს ცნობილი. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.