ალექსანდრე მოწერელია - ვალდებულნი ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ თანამოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, ისინი ამ დახმარებას მიიღებენ
ალექსანდრე მოწერელია - ვალდებულნი ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ თანამოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, ისინი ამ დახმარებას მიიღებენ

გავრცელებას, ზოგადად, ველოდებით, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ჩვენი მედიკოსები ყოველწუთიერად გვიხსნიან იმ რისკის შესახებ, რაც არის. დღეს შეიძლება, არ გვქონდეს ინფორმაცია ყველა იმ მოქალაქის შესახებ, რომლებიც გავრცელების საშიშროებას წარმოადგენენ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვიღებთ ზომებს, რომ ეს რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და გამოვლინების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირების შესაძლებლობა გვქონდეს“, – განაცხადა მოწერელიამ.

ამ განცხადებით ალექსანდრე მოწერელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მაღალია ზუგდიდში დაავადების შიდა გავრცელების რისკი, რადგან ამ დრომდე ვერ ხერხდება ზედა ეწერში მცხოვრები პაციენტის ინფიცირების წყაროსა და ყველა კონტაქტის მოძიება.

შეკითხვაზე, რამდენად ემორჩილებიან ადგილობრივები დაწესებულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, მოწერელიამ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში რვა სამართალდარღვევა გამოვლინდა.

„აქედან, ნაწილი ფიზიკური პირები, ნაწილი კი იურიდიული პირები არიან. საბედნიეროდ, ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ საფრთხე არ არის და პარასკევს და შაბათს ქუჩებში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაკადი მივიღეთ. შესაბამისად, შეფასდა სიტუაცია და მიღებულ იქნა გამკაცრების გადაწყვეტილება, რამაც შედეგი მოგვცა. დღეს, რა თქმა უნდა, ამინდიც დაგვეხმარა. პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ეს ნორმები ხვალიდან კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა მოწერელიამ.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, სახელმწიფოს ნამდვილად არ სურს, სამართალდარღვევებს ჯარიმებით ებრძოლოს.

„ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, ნუ ჩავიდენთ სამართალდარღვევას. ყველა დარჩეს სახლში და ზედმიწევნით შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც ჩვენი მედიკოსების მოთხოვნით და შესაბამისად, საგანგებო წესების რეგულაციით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მოწერელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, პანიკის საფუძველი არ არის და ამიტომ, მარაგების კეთება და ამ მიზნით ზედმეტი გადაადგილება საჭირო არ არის.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ვითარებაა აფხაზეთში და რამდენად დიდია ინფიცირებულთა სტატისტიკა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ ოფიციალური სტატისტიკა უცნობია, თუმცა, იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც დღეს აფხაზეთშია, დაავადების გავრცელების რისკი მაღალია.

„პრაქტიკულად, არ განხორციელებულა ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო – კარანტინის, თვითიზოლაციის და ა.შ. შესაბამისად, რისკი ძალიან მაღალია. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, ისინი ამ დახმარებას მიიღებენ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.