ალექსანდრე მოწერელია - ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი პაციენტის კონტაქტები ჩვენთვის ცნობილია
ალექსანდრე მოწერელია - ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი პაციენტის კონტაქტები ჩვენთვის ცნობილია

ჩვენთვის ცნობილია ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი პაციენტის კონტაქტები, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ეს ქალბატონი მოსკოვიდან გადმოფრინდა ადლერში, ადლერიდან კი საავტომობილო გზით შეძლო, სოხუმში ჩასულიყო, სადაც ჩვენი მონაცემებით, თავისი ძმისშვილი დახვდა, რომელმაც სოფელ საბერიოში ჩაიყვანა. საბერიოდან ის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფახულანში გადმობრძანდა, საიდანაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩვენმა მედიკოსებმა გადმოიყვანეს. ამდენად, ჩვენთვის ცნობილია მისი კონტაქტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არიან ჩვენი მედიკოსები, რომლებიც შესაბამისად იყვნენ აღჭურვილნი. თუმცა, რისკის ქვეშ რჩება მისი ძმისშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მოწერელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად დიდია ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის საკონტაქტო წრე, რომლის ინფიცირების წყარო ამ დრომდე ვერ დგინდება, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ ინფიცირებული მოქალაქე, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერიდან არის, თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები პრაქტიკულად ცნობილია, თუმცა, სიფრთხილის მიზნით, პოლიციასთან ერთად, ჯანდაცვის მუშაკები სოფელ ზედა ეწერის მოსახლეობის თერმოსკრინინგს აწარმოებენ.

„გუშინ შემოწმებული იქნა დაახლოებით 220 მაცხოვრებელი, დღეს კი დაახლოებით 250. ჯერჯერობით არანაირი რისკი არ არის გამოვლენილი. თუმცა, ეს თერმოსკრინინგი გაგრძელდება. რაც შეეხება ამ მოქალაქეს, მან საზღვარი გადმოლახა სარფში. ის თურქეთში იმყოფებოდა სამუშაოდ. შემდგომ მან სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა, საიდანაც რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემი, ჰქონდა თუ არა ამ ადამიანს იმ პერიოდში სიცხე და შეეძლო თუ არა, დაავადება გაევრცელებინა. თუმცა, გარკვეული ინფორმაცია არის იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ. პოლიცია ამ ინფორმაციას ფლობს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.