ალექსანდრე მოწერელია - კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ბაზრების ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, აგრარულ ბაზრებს დავხურავთ
ალექსანდრე მოწერელია - კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ბაზრების ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, აგრარულ ბაზრებს დავხურავთ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აგრარულ ბაზრებს არაერთი გაფრთხილება მიეცათ, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციასა და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოვაჭრეებს აძლევენ.

მოწერელია კიდევ ერთხელ აფრთხილებს მათ, რეკომენდაციები შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ ბაზრები დაიხურება.

საუბარია ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარულ ბაზრებზე.

„მინდა, შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებიათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები , რომელიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული, რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდს, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.