ალექსანდრე მოწერელია განაგრძობს კამპანიას - „იმოგზაურე სამეგრელოში“
ალექსანდრე მოწერელია განაგრძობს კამპანიას - „იმოგზაურე სამეგრელოში“

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიას განაგრძობს. სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჩხოროწყუს და ფოთის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული აბაშაში მდებარე ტურისტულ ლოკაციებს სტუმრობდა.

ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან და აბაშის მერთან ერთად მე-19 საუკუნის დასაწყიში აშენებულ ტაძარს, აკაკი ხოშტარიას სახლს, იქვე მდებარე სინაგოგას და გულეიკარის ისტორიულ ეკლესიას სტუმრობდა.

„სუჯუნის სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი ოთხი კილომეტრით არის დაშორებული აბაშის ცენტრს. მოქმედებს დედათა მონასტერი. აშენებულია ანტონ ჭყონდიდელის მიერ.

აკაკი ხოშტარიას სასახლე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარეობს. შენობა 1915 წელს ცნობილმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი ხოშტარიამ, დედას აუშენა. შენობა გერმანელმა არქიტექტორებმა ააშენეს.

გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, VI-IX საუკუნეებით თარიღდება. გულეიკარი – ეს სახელი სოფელს (ერთ-ერთი ვერსიით) იმიტომ შეერქვა, რომ ვინმე გულივერს, რომელიც აქ ცხოვრობდა, არაბი სარდალი მურვან ყრუ გამოუწვევია და დაუმარცხებია. ამით სოფელი განადგურებას გადაურჩა. აქაურობისთვის გალივერის კარი ანუ გულივერის არემარე უწოდებიათ. სოფელი გულეიკარი მდებარეობს რიონის მარცხენა მხარეს, გურიის საზღვარზე. გადმოცემის თანახმად ტაძარში დიდხანს ინახებოდა მურვან-ყრუს ხმალი, ახლა კი იქ ხმილს ასლია განთავსებული. ვისაც ლეგენდის გაცნობა და ისტორიული ტაძრის დათვალიერება გსურთ შეგიძლიათ აბაშის ამ ლამაზ სოფელს ეწვიოთ.

მათ კი ვისაც მწვანე სივრცეში დასვენება გსურთ, შეგიძლიათ წყემის ნაკრძალს ესტუმროთ“, – აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის კამპანიას ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს. პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებთან ერთად, ძირითადი აქცენტი ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების გაცნობასა და პოპულარიზაციას დაეთმობა, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შიდა ტურიზმის ზრდას და ამით ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების დახმარებას. ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს ურჩევს მოგზაურობისას გაითვალისწინონ COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციები.

აბაშაში მდებარე ტურისტული ობიექტები სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილეებთან მალხაზ თორიასთან, დავით ვერავასთასთან, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილთან ერთად დაათვალიერა.