ალექსანდრე მოწერელია - ვირუსის მასობრივი გავრცელებისას, ერთადერთი იმედი არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც მოაშურებენ ოკუპირებული რეგიონიდან ჩვენი თანამემამულეები
ალექსანდრე მოწერელია - ვირუსის მასობრივი გავრცელებისას, ერთადერთი იმედი არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც მოაშურებენ ოკუპირებული რეგიონიდან ჩვენი თანამემამულეები

ბოლო ორი დღეა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ არის განსაკუთრებული მომართვიანობა. იქაც გაითავისა მოსახლეობამ საფრთხე, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსადრე მოწერელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაცინეტი მკურნალობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

„იცით შემთხვევა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ერთი ქალბატონი იყო დაინფიცირებული, მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ქალბატონის კონტაქტები არის დადგენილი, ისინიც გადმოყვანილი არიან და ამჟამად იმყოფებიან საკარანტინო ზონაში, არიან ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება აქტიურობას, ბოლო ორი დღეა, განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნება. ორი მოქალაქე არის გადმოსული ოკუპირებული ტერიტორიიდან და შესაბამისად, მოთავსებულები არიან კარანტინში“, – განაცხადა მოწერელიამ. 

მისივე თქმით, მომართვიანობის შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, მიიღოს და უმკურნალოს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ მოქალაქეებს.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გალის რაიონშიც გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს. მათაც დაიწყეს ზომების მიღება, რათა არ მოხდეს გავრცელება. რა თქმა უნდა, თუკი იქნება მასობრივი გავრცელება, ერთადერთი იმედი არის ისევ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, საითაც მოაშურებენ ჩვენი თანამემამულეები და მათ მივიღებთ და რა თქმა უნდა, ვუმკურნალებთ.

ბოლო ორი დღეა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ არის განსაკუთრებული მომართვიანობა. იქაც გაითავისა მოსახლეობამაც და დე ფაქტო ხელისუფლებამაც საფრთხე. ამდენად ჯერ იმყოფებიან სახლებში, თვითიზოლაციის პირობებში. რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, თუ რა მდგომარეობა აქვთ მათ, ზოგჯერ დახმარებაც სჭირდებათ ხოლმე და შესაბამისად, ჩვენი შესაბამისი უწყებები არიან კონტაქტზე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან ორი ათეული პაციენტია,  რომლებმაც უკვე მომართეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და აქედან ერთი მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. როდესაც დადასტურდა მისი დიაგნოზი, ამის შემდეგ მოხდა საფრთხის გათავისება. დღეის მდგომარეობით, გააქტიურებული არიან, რომ უსაფრთხოების ზომები მიიღონ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.