ალექსანდრე მაისურაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
ალექსანდრე მაისურაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (OHCHR) შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ისაუბრეს საქართველოში OHCHR-ის წარმომადგენლობის მნიშვნელოვან როლზე.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე ყოველწლიურად წარდგენილი რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მნიშვნელობაზე.

„მან მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს აღნიშნულ რეზოლუციაზე ანგარიშის მომზადებისთვის. ალექსანდრე მაისურაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აკრძალვის ფაქტებს, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და უკანონოდ დაკავების ფაქტებს, საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და სამედიცინო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გახშირებულ შემთხვევებს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს და არა ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიშელ ბაშელემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს OHCHR-ის ოფისთან არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. ასევე,აღნიშნა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტური ქმედებების შედეგად საქართველოს მთავრობის წარმატება.

ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ OHCHR-ის ოფისი, როგორც ჟენევაში, ასევე საქართველოში აქტიურად ადევნებს თვალყურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს. მან ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ა.წ. სექტემბერში დაგეგმილ ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიაზე საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი