ალექსანდრე მაისურაძე - ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიიწევს ალიანსში გაწევრიანებისკენ
ალექსანდრე მაისურაძე - ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიიწევს ალიანსში გაწევრიანებისკენ

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ქვეყანა მიიწევს სტრატეგიული ამოცანისკენ, რაც ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, – ასე გამოეხმაურა ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ნატო-ში აშშ-ის ელჩის, ქეი ბეილი ჰატჩისონის განცხადებას.

ჰატჩისონმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორი და ალიანსის ნაწილია.

როგორც ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ქვეყანა თავდაცვის მინისტერიალისთვის ემზადება.

„ეს იყო ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დონის წარმომადგენლის მხრიდან კიდევ ერთი მხარდამჭერი განცხადება. აღნიშნული გზავნილები თან ახლდა აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს. დღევანდელი განცხადება ამ ვიზიტის ერთგვარი გამოხმაურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს შტაბბინაში ისმის ასეთი შინაარსის განცხადებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი განცხადებები დღეს, როდესაც ვემზადებით თავდაცვის მინისტერიალისთვის. მომავალ თვეს საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნებისთვის, გენერალური მდივნის ვიზიტისთვის. ასეთი სახის მხარდამჭერ განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ საქართველოს მხარს უჭერს ყველა წევრი და ქვეყანა მიზანმიმართულად მიიწევს მისი სტრატეგიული ამოცანისკენ, რაც ნატო-ში გაწევრიანებაში მდგომარეობს“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.