ალექსანდრე მაისურაძე - იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოგანი, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, წარმატებით ხორციელდება
ალექსანდრე მაისურაძე - იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოგანი, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, წარმატებით ხორციელდება

ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლას აფასებს.

მაისურაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა მდივანმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატებისადმი მიმართვის დროს ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მაღალი ხარისხის არის ალიანსის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური დიალოგის განზომილებაში, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მის მიერ გახმოვანებული სლოგანი, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, წარმატებით ხორციელდება და მაგალითად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში განხორციელებული ვიზიტი მოიყვანა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შავ ზღვაზე თანამშრომლობა, ის წინგადადგმული ნაბიჯები, რომელიც ნატო-სა და საქართველოს მიერ შავ ზღვაზე თანამშრომლობის კონტექსტში ხდება, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ, პოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების მთავარ ამოცანასთან, რაც ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაში მდგომარეობას“,- ალექსანდრე მაისურაძე.