ალექსანდრე მაისურაძე - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ არის მიმართული
ალექსანდრე მაისურაძე - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ არის მიმართული

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ არის მიმართული.

„ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგანაც მიმდინარეობს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები. ეს არის ძალიან მკაფიო დადასტურება საქართველოსა და ნატო-ს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ძალიან მაღალი დინამიკისა და ამავდროულად, როცა წვრთნების დროს მას სტუმრობს ნატო-ს გენერალური მდივანი, ეს არის საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი სიგნალი.

სავარაუდოდ, შეხვედრებისას განხილული იქნება საკითხთა სრული სპექტრი, რომელიც არსებობს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში. მთავარი ფოკუსი გაკეთდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე და საქართველოს წვლილზე შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

როგორც ერთობლივი წვრთნები, ასევე გენერალური მდივნის ვიზიტი არ არის მიმართული არც ერთი რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ალექსანდრე მაისაურაძემ.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24-25 მარტს ეწვევა.