ალექსანდრე მაისურაძე - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულია ყველა ასპექტი, რომელიც აქტუალურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში
ალექსანდრე მაისურაძე - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულია ყველა ასპექტი, რომელიც აქტუალურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან პირველად დაფიქსირდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახორციელებს კონტროლს, – ამის შესახებ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ასპექტი, რომელიც აქტუალურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რეზოლუციის ტექსტში მაქსიმალურად იყო ასახული

„რეზოლუცია თავისთავად არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი, რადგან პირველად მოხდა იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. მოგეხსენებათ, 21 იანვარს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული რეზოლუცია დიდწილად მხედველობაში იღებს ამ გადაწყვეტილების შედეგებს და შესაბამისად, აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

რეზოლუციაში მაქსიმალურად ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აქტუალურად დგას ქართული დიპლომატიის დღის წესრიგში. ეს ეხება როგორც ადამიანის უფლებების დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე პანდემიის პერიოდში ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების მიღების შეწყვეტის არაერთ ფაქტს. ასევე საუბარია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იმ დანაშაულებზე, რომელიც მათი სიცოცხლის ხელყოფით განხორციელდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. შესაბამისად, ყველა ასპექტი, რომელიც ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, აქტუალურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რეზოლუციის ტექსტში მაქსიმალურად იყო ასახული“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.